თბილისის ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  1  815 000 000 ლარი დაიხარჯა.

ამის შესახებ დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომელსაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი უძღვებოდნენ.

ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, გამოიყო დედაქალაქში საყრდენი კედლების მშენებლობის კუთხით განხორციელებული პროექტები.

ირაკლი ბენდელიანის თქმით,  დედაქალაქში, სამწუხაროდ, ბევრია მეწყერსაშიში არეალები, რომელთა მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

"თბილისის ტერიტორიაზე პერიოდულად, შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ ისეთი არეალების მონიტორინგს, სადაც ადგილი აქვს მეწყრული პროცესების განვითარებას. ასეთი ადგილები, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს თბილისში, თუმცა, მუდმივი მონიტორინგის შედეგად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მან მაგალითად მოიყვანა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული კლდოვანი ფერდი, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი საყურადღებო ადგილია.

"აქ თითქმის ყოველი ნალექიანი ამინდის დროს, ქვათაცვენას ჰქონდა ადგილი. ამიტომ მთლიანად ფერდის გაყოლებაზე მოვაწყვეთ ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ამ მიმართულებითაც პრობლემა მოხსნილია. გარდა ამისა, ვაშლიჯვარში ახალი გზის მშენებლობა მთლიანად მეწყრულ არეალში მიმდინარეობდა. საჭირო იყო ჯერ ფერდების დასტაბილურება და შემდეგ ახალი გზის მშენებლობა, რისთვისაც დაახლოებით 12 ბეტონის კედელი აშენდა, რის შემდეგაც საავტომობილო გზა მოეწყო“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

საერთო ჯამში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 800-მდე მისამართზე განხორციელდა. ამასთანავე, 16 მისამართზე მოეწყო ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები, სულ მოცულია 128 000 კვ.მ ფართობი.

ავარიული შენობების გამაგრების პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ სამუშაოები ჩაუტარდა 700-მდე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს და 2025 წლის ბოლომდე კიდევ 26 ავარიული კორპუსის გამაგრება დასრულდება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, როდესაც საუბარია ავარიულ შენობებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

'საკმაოდ ბევრია ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და, ცხადია, სადაც ძეგლი მდებარეობს, იქ შეუძლებელია უფრო მეტსართულიანი მშენებლობის განხორციელება - უნდა შენარჩუნდეს იგივე პარამეტრები და სართულების რაოდენობა.  ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც იმის  შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ინვესტორს, ვისაც სურვილი აქვს ძეგლი აღადგინოს, ვაძლევთ საშუალებას, რომ დამატებითი ფართის მატება განახორციელოს სხვა კონკრეტულ უბანში, სადაც არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მაგალითად, ქალაქის გარეუბნებში. რა თქმა უნდა,  ეს იმ შემთხვევაში, თუ ძეგლს რეაბილიტაციას ჩაუტარებს და ამ პროცესებში მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდი არ იქნება ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე საუბრისას, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამას დედაქალაქის ათივე გამგეობა მუდმივად აქტიურად ახორციელებს მოსახლეობასთან თანამშრომლობით. 

"ბოლო წლების განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 285 000 000 ლარი დაიხარჯა. დაახლოებით, 2 000 ლიფტი შეკეთდა და ახლით შეიცვალა, აქტიურად ხორციელდება კორპუსის სახურავების განახლება, ეზოების კეთილმოწყობა, 1 200-ზე მეტი სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩატარდა. ეს არის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობა ადგილობრივ გამგეობასთან ერთად აქტიურად იყენებს და მისი მეშვეობით ხორციელდება მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.