ვინც დასაქმებულები არიან მაღაროებსა თუ სხვადასხვა საწარმოებში, სთხოვენ, რომ მინიმუმ, გააორმაგონ სამუშაო პროცესი, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე.

"რამდენიმე თვეში მუშა პროცესი შეწყდება, იმ ადამიანებს, ვინც დასაქმებულები არიან მაღაროებსა თუ სხვადასხვა საწარმოებში, სთხოვენ, რომ მინიმუმ, გააორმაგონ სამუშაო პროცესი. 

ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე, ანუ, ექსკავატორი და სატვირთო მანქანა - მეტი არაფერი სჭირდებათ. ვეღარავინ და აღარავინ არის მათი გამკონტროლებელი, რა რაოდენობა უნდა ამოიღოს წლის განმავლობაში, გარეცხოს და ჩააბაროს.

ძალიან ნაკლებად აინტერესებთ მაღაროების მუშაობა, მე ვვარაუდობ, რომ მინიმუმ გაზაფხულამდე, მაისის თვემდე, მაღაროები ამათ აღარ დააინტერესებთ, როდესაც არჩევნები ჩაივლის", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

მისივე თქმით, პოლიციის უფროსები მოშიმშილეებს დასცინიან.

"პოლიციის უფროსები დაგვცინიან უკვე, მერე რა იშიმშილეთ, გაითიშებით, შეგიწუხდებათ გული და მოგხედავენ საავადმყოფოში", - აღნიშნა მიქაცაძემ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დრომდე 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.