ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, გიორგი მიქაძის საქმეზე 4 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით კოკა მორგოშია დაიკითხა, მისი მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაჟღერდა.

რა მტკიცებულებები და ფაქტები აქვს მორგოშიას ძმებ მიქაძეებთან მიმართებაში? -  სხდომის დასრულების შემდეგ გიორგიმ მიქაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ რასაც ამბობს მისი მოსაზრებაა და არავითარი ფაქტი არ გააჩნია.

"კოკა მორგოშიამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტები თქვა: აღნიშნა, რომ მასა და ფარცხალაძეს შორის არის სერიოზული დაპირისპირება, რომელიც გაღრმავებულია და ეს არანაირად არ ეხება ამ საქმეს. მორგოშიამ თქვა, რომ მის მიერ მიქაძეების ხსენება ეს არის მისი მოსაზრება და არავითარი ინფორმაცია და ფაქტი მას არ გააჩნია, რომ კონკრეტულად ისინი მონაწილეობდნენ აღნიშნულის ორგანიზებაში“, - განაცხადა კორძაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს და როდის და რატომ დაეძაბათ ურთიერთობა მორგოშიასა და ფარცხალაძეს, ზვიად კორძაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მორგოშია ამბობს, რომ არანაირი საერთო ბიზნესინტერესები გარდაცვლილსა და ფარცხალაძეს ერთმანეთთან არ ჰქონდა.

"სამი შემთხვევა, რომელიც იყო ერთმანეთთან კონტაქტის,  ეხებოდა  სხვის საქმეს, იქ გაბრაზდა გარდაცვლილი და არა ფარცხალაძე, და მეოთხე შემთხვევა იყო თვითონ მისი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მისი ეს ნათქვამი, რომელიც მორგოშიამ დღეს გააჟღერა ბრალდებას არ ადასტურებს“ - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

როგორც ძმები მიქაძეების ადვოკატი შორენა ნიქაბაძე აცხადებს,  კოკა მორგოშია ამბობს, რომ მას თავისი პირადი ინტერესი, პირადი გადაკვეთა და კონფლიქტები აქვს ოთარ ფარცხალაძესთან.

"კოკა მორგოშიამ დღეს სასამართლოს წინაშე ისაუბრა მოტივთან დაკავშირებით. ამ საუბრისას განაცხადა, რომ მას თავისი პირადი ინტერესი აქვს, თავისი პირადი გადაკვეთა და კონფლიქტები ოთარ ფარცხალაძესთან, რის გამოც ჩვენ, დაცვის მხარეს შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სასამართლოს წინაშე გაკეთებული მისი განმარტებები სწორედ ამ კონფლიქტიდან გამომდინარე მის შემხვედრ ნაბიჯებს წარმოადგენს და არ აქვს რეალურად კავშირი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

კოკა მორგოშია დღეს თავისუფალი თხრობის ნაწილში ბევრს საუბრობდა გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა რა წამსაც კითხვა ისმებოდა ვის შეუძლია მისი ნაამბობის დადასტურება, ნეიტრალურ ობიექტურ მოწმეს, პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ განმარტების გაკეთება, რაც ბუნებრივია არასარწმუნოს ხდის მის ჩვენებას.

იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მიუთითებს გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეზე, რომელთანაც ბუნებრივია, სამწუხაროდ, ეს გარემოებები ვერ გადამოწმდება, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობს ისეთ ადამიანებზე, რომელთა ვინაობა არც გამოძიებაში, არც დღეს ჩვენთვის ცნობილი არაა“, - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ კონკრეტულად დღეს კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებით „გამოვლინდა საკმაოდ საეჭვო გარემოებები და საკმაოდ  საეჭვო როლი მის კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით".

"იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახად გამოკვეთა, რომ პირადი ინტერესი და პირადი კონფლიქტი გააჩნდა ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებში ჯერ კიდევ წლების წინ. მას შემდეგ განმარტა, რომ ბატონ ლევან ჯანგველაძეს ასევე უთითებდა, რომ ყოფილიყო ფრთხილად ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში, როდესაც თვითონ ლევან ჯანგველაძე მიიჩნევდა, რომ საერთოდ არ იცნობდა და რატომ მართებდა სიფრთხილე,  ძირითადად გამოიკვეთა მისი როლი. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძესთან მიმართებაში განმარტა, რომ სულ ორად ორჯერ ჰყავს ნანახი, პირადად მას საერთოდ არ იცნობდა.

რაც შეეხება შემდგომ ფაქტობრივ გარემოებებს, ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც მორგოშიამ ჩვენებაში დააფიქსირა, ფაქტიურად გადაუმოწმებადია.

ჩვენ ამ ფაქტობრივ გარემოებებს ვერაფერს ვერ გადავამოწმებთ, რადგან იგი განმარტავდა, რას ესაუბრებოდა გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეს, რასაც ჩვენ უკვე ვერანაირად ვეღარ გადავამოწმეთ“, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.