სოფო ძნელაძემ - ეს გახლავთ დემეტრე ჩიქოვანის დედა, მომწერა, რომ უნდა ჩემთან შეხვედრა, რომ მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და უნდა მითხრას, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, ყურადსაღებია ისიც, რომ მისი მოსმენა არავის აინტერესებს და წინა ბრალდებულების ადვოკატებმა მისი ჩვენება უდავოდ ცნეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისმა სიტყვამ იურიდიული ძალა დაკარგა.

"არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამ მკვლელებისგან და მათი მშობლებისგან, მაგრამ მე მაინც გამიკვირდა, რომ სოფო ძნელაძემ - ეს გახლავთ დემეტრე ჩიქოვანის დედა, მომწერა, რომ უნდა ჩემთან შეხვედრა, რომ მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და უნდა მითხრას, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ, ეს არ უწერია იქ, მაგრამ ამბობს, რომ მისი დემეტრე არის უდანაშაულო და მე ამისი უნდა ვირწმუნო, რადგან თვითონ სჯერა თავისი შვილის. ამის პარალელურად, ყურადსაღებია ისიც, რომ ჩემი მოსმენა არავის აინტერესებს, წინა ბრალდებულების ადვოკატებმა ჩემი ჩვენება უდავოდ ცნეს და ჩემმა სიტყვამ იურიდიული ძალა დაკარგა სასამართლო პროცესზე და ახლაც იგივე შემთხვევაა. არ აინტერესებს ამ ხალხს ჩემი მოსმენა, თვითონ აქვთ რაღაც სათქმელი, მაგრამ ვერ ბედავენ, ვერ ამბობენ სასამართლოსთან. წავიდნენ და იქ ილაპარაკონ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.