შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, "სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.