ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

"სუსში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე)", - წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.