მე რატომ ვარ საქართველოში და მგონი, მსოფლიოში პირველი, ვინც ჰესის პროექტის თანხის გადახარჯვის გამო უნდა იჯდეს ციხეში?! - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს და პროკურორს კითხვით მიმართა, თუ რატომ იმყოფება ის ახლა განსასჯელის სკამზე.

"გაუგებარია, რა დავაშავე, გამაგებინეთ, რაში ვიყავი გულგრილი,  რა არაჯეროვან სამსახურებრივ შესრულებაზეა საუბარი, რომელია მუხლი, რომელმაც სახელმწიფოს ზიანი გამოიწვია? ეს სამართალთან ახლოს არ არის. პროკურორს ვთხოვ, სწორად განმარტოს ყველაფერი, რატომ ვარ ამ დარბაზში, რატომ ვიმყოფები აქ? 

მე რატომ ვარ საქართველოში და მგონი, მსოფლიოში პირველი, ვინც ჰესის პროექტის თანხის გადახარჯვის გამო უნდა იჯდეს ციხეში? ჰესის მშენებლობა კორპუსის მშენებლობა არ არის, კაშხლიანი ჰესების მშენებლობის შემთხვევაში, უმეტესად ხდება დაგეგმილი ხარჯების გადაჭარბება, კორპუსს ვერ ააშენებ ზუსტი ხარჯთაღრიცხვით, მით უმეტეს, როცა ობიექტური გარემოებები იყო“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება 220/1-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.