არ მიგვაჩნია, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე მიმდინარეობს სამართალწარმოება, მართლმსაჯულება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დაცვის მხარის ინტერესი ამ საქმის დროული შეკვეცაა.

"საქმე ეხება იმ პროცესს, როდესაც ნიკა მელია უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება და ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი  დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსამართლეს ჰქონოდა რეაგირება ნიკა მელია დააჯარიმეს 5000 ლარით, ამიტომაც, არ მიგვაჩნია, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე მიმდინარეობს სამართალწარმოება, მართლმსაჯულება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. უკვე სათვალავიც აგვერია, რომელ დღეს, რომელ საქმეს იხილავენ ნიკასთან მიმართებით. ნიკა მელია თვითონ ამ საქმეს არ დაესწრება. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის შეკვეცა, რომ გავიგოთ, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მორიგ ჯერზე ხელისუფლებას, ნიკას დამატებით ტოვებენ საპყრობილეში, თუ გამოიყენებენ სხვა ალტერნატიულ სასჯელს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ეხება. პროცესი  დასკვნით ეტაპზე გადავიდა. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.