ელენე ხოშტარიამ საგამოძიებო მოქმედებების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც დავკითხეთ ჩვენ, უთხრა, რომ ოფისში არსებული პიროტექნიკა, ლაზერები და ბენზინი უნდა გამოეყენებინათ წინააღმდეგობის დროს, კონკრეტულად კი, უნდა ესროლათ აღნიშნული პიროტექნიკა პოლიციელებისთვის, მათ დასაზიანებლად და სხვა ნივთებიც სწორედ მათი საქმიანობის ხელშესაშლელად იყო, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი პირი დაიკითხა, გაიწერა გრაფიკი და ამის შემდეგ ყოველ სამშაბათს და  ხუთშაბათს 11:00 საათიდან განახლდება სხდომის განხილვა.

"მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდების მხარდაჭერა განახორციელოს ეფექტურად. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საქმე არის მოცულობითი, გვყავს არაერთი ბრალდებული და თითოეული მტკიცებულების გამოკვლევას სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე შეიძლება გონივრულიც კი იყოს. დღევანდელი პროცესი არის ამის ნათელი მაგალითი. 

დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად წარადგინა სამი პირი, თუმცა მხარეთა დაკითხვის, მოწმეთა დაკითხვის დროის გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი პირი დაიკითხა, შესაბამისად, ამ პროცესის შემდეგ ეტაპზე გაიწერა გრაფიკი, 18 ივნისს ჩატარდება შემდეგი სხდომა და ამის შემდეგ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 11:00 საათიდან განახლდება განხილვა.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომაზე დაკითხულ პირს, ეს იყო საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც იმყოფებოდა პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის ადგილზე და მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია უშუალოდ ერთ-ერთი ბრალდებულისგან - ეს იყო ელენე ხოშტარია. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს აღმოჩენილი იყო ისეთი ნივთები და ნივთიერებები, მათ შორის, ბენზინი, პიროტექნიკა და სხვა, რომელიც აქციის მსვლელობის დროს გამოიყენეს. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარიამ საგამოძიებო მოქმედებების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც დავკითხეთ ჩვენ, უთხრა,  რომ ოფისში არსებული პიროტექნიკა, ლაზერები და ბენზინი უნდა გამოეყენებინათ წინააღმდეგობის დროს, კონკრეტულად კი, უნდა ესროლათ აღნიშნული პიროტექნიკა პოლიციელებისთვის, მათ დასაზიანებლად და სხვა ნივთებიც სწორედ მათი საქმიანობის ხელშესაშლელად", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.