ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დადგენილებისთვის ხელიც კი არ მოუწერია, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება.

“ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დადგენილებისთვის ხელიც კი არ მოუწერია, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი აბსურდი იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ა.შ. ის, რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში შინაარსობრივად წერია. დღეს სწორედ ეს ხდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ეს არის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.