"მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს", - განაცხადა მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დემეტრე ჩიქოვანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან.

„ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს. მათ რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად მას მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი. აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა დღევანდელ სხდომაზე, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ დარჩა უცვლელი“ - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიებაც, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ უცვლელი დარჩა.

გიგა ავალიანის საქმეზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე. დემეტრე ჩიქოვანის დედა უკვე რამდენიმე დღეა, პროკურატურის შენობასთან შიმშილობს.