ექვსი თვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უფლება მაქვს ვიცოდე, რას იძიებთ?, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს ეს პროცესი და მისთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას აბრალებს გამოძიება მას.

"უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას მაბრალებენ, რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს. ექვსი თვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უფლება მაქვს ვიცოდე, რას იძიებთ? იმას რაც ნამდვილად მოხდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული ნგრევა თუ სასახლის ღობის დაზიანებას? ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვედავებიან, აქციის ორგანიზებას? სიტყვა მშვიდობიანი გაღელვებთ თუ დამხობა გაღელვებთ? გინდათ, რომ ეს იყოს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება? თუ მე მოვუწოდებდი ხალხს ძალადობრივ დამხობაზე, ძალადობრივი რევოლუციისკენ და იქ მოვიდა ასი ათასობით ადამიანი, ლამის იმაზე მეტი, ვიდრე ე.წ. არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი ადამიანი მზად იყო ძალადობრივად დაემხო დიქტატორი. ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანია, ვინც ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს. თქვენ ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით, მადლობას გეტყვით ქვეყნის გვერდში დგომისთვის.

თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა პირადად მე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.