საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება, სადაც პაატა მანჯგალაძე ვინმეს ხელისუფლების გადაბარებისკენ მოუწოდებს, არ დევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ 9-წლიანი მუხლი შეუსაბამოა.

"პაატა მანჯგალაძის საქმის მასალები რომ შევისწავლეთ, ის ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი - ძალადობის ორგანიზება, ამ ბრალთან მიმართებაში, ეს საქმის მასალები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს. მივმართავთ სასამართლოს, რომ განიხილოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან მძიმე მუხლია - 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პაატას საქმეში დაემთხვა ის, რომ პირადად მქონდა მოსმენილი მისი განწყობა ამ ამბებთან დაკავშირებით და ამავე დროს, ვნახეთ საქმის მასალები, ეს ერთობლიობა კი გვაძლევს იმის განცდას, რომ ის მაინცდამაინც არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვთვლი, რომ ეს მუხლი არ არის გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით.

საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება, სადაც პაატა ვინმეს ხელისუფლების გადაბარებისკენ მოუწოდებს, არ დევს. ის სცენაზე ნამდვილად იყო, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა, ამიტომ, გვაქვს კითხვის ნიშნები ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თორემ როდესაც არის საქმეში კონკრეტული მტკიცებულება, მითქვამს, რომ არის და სხვას ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.