დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა პირველმა მოისმინა ის ჩვენებები, რომლებზეც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ისაუბრეს, ეს იყო აფორიაქებულზე, დალაგებულის გარეშე ისტორია,  - ამის შესახებ ყოფილი პოლიციელის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია ის პიროვნებები დაასახელოს, რომლებიც წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დაკავებულები სამმართველოში წაიყვანეს.

მიგინეიშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ვარაუდობს, რომ საგამოძიებო  ორგანოდან დაუკავშირდებიან და გამოკითხავენ ქვაჭრელიშვილს.

"მკვლელები, ის ორი ადამიანი, სწორედ დიმიტრიმ დააკავა, წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მან მოისმინა პირველმა ის ჩვენებები, რომლებიც შემდეგ სხვა სამმართველოებშიც მოისმინეს. ეს იყო აფორიაქებულზე, დალაგებულის გარეშე, ის ისტორია, რომელიც იცის მან. რა მოხდა რეალურად და რას ჰყვებოდნენ ეს ადამიანები. მაქვს ვარაუდი, რომ უახლოეს დღეებში დაგვიკავშირდებიან საგამოძიებო ორგანოდან ვინმე, ჩვენ შევალთ დიმიტრისთან და გამოკითხავენ მას, ამიტომ, მოვერიდები კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას, მათ შორის მოვერიდები კონკრეტული ფაქტების დეტალურად ასახვას, მაგრამ დიმიტრის შეუძლია ისაუბროს იმ ადამიანებზე, როლებიც წყნეთის პოლიციის შენობაში მივიდნენ და ეს ორი დაკავებული პიროვნება სამმართველოში წაიყვანეს. როდესაც დააკავეს ეს ადამიანები, დიმას არ ჰქონდა უფლებამოსილება უბრალოდ, რომ გამოკითხვის ოქმი ეწარმოებინა, ან დაეკითხა, თუმცა, როდესაც გყავს დაკავებული, მისგან პირველადი ინფორმაცია უნდა მიიღო. ამ პირველადი ინფორმაციის მოკვლევის დროს, ამ ადამიანებმა მოჰყვნენ ისტორია", - აცხადებს მიგინეიშვილი.

ადვოკატის თქმით, როდესაც ქვაჭრელიშვილმა ყველაფერი მოისმინა, მისთვის ნათელი გახდა და შესაბამისი თანამდებობის პირები ჩააყენა საქმის კურსში, რათა შემდგომში საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულიყო, თუმცა, მას სთხოვეს გარეთ გასულიყო და პერიმეტრი დაეცვა.

"ის პირველადი ინფორმაცია, რაც მან მიიღო, მნიშვნელოვანია, ის პიროვნებები, რომლებიც მან წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მისულები ნახა, ვისთან ერთადაც შემდგომში დაკავებულები წაიყვანეს, ეს გამოძიებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ის ინფორმაციაც, რასაც დაკავებულები პირველ წუთებში აწვდიდნენ. სად იყვნენ ეს ადამიანები ერთი კვირის, ვის სახლში იყვნენ, ვისი მფარველობის ქვეშ, ეს არის ინფორმაციები, რომელიც იცის დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და ის მზად არის სრულად მოუყვეს გამოძიებას", - განაცხადა ადვოკატმა.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი,  ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვას ითხოვს.

ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში