საბაჟო გამშვებ პუნქტ "ქუთაისის აეროპორტში" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. 

სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.