გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, -  ამის შესახებ აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა.

"სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ რის საფუძველზე, ეს ალბათ, ეწერება. სირცხვილია, როცა მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შეუძლია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი. პოლიციელები ყოველთვის ამას აკეთებენ, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი, რომ აქტივისტებისგან ფული შეიტანონ ბიუჯეტში", - განაცხადა  ლაზარე გრიგორიადისმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა. გრიგორიადისი 14 მაისს დააკავეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.