სპეცრაზმელმა დაადასტურა, რომ შეიარაღება და აღჭურვა მომიტინგეებს არ ჰქონიათ, რაც ადასტურებს, რომ არავითარ ორგანიზებულ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ოპერატიული, ან რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, არ არსებობდა.

"არავითარი ოპერატიული, ან რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, არ არსებობდა. ასევე, მან დაადასტურა, რომ მზადყოფნის რაიმე განსაკუთრებულ დონეს ადგილი არ ჰქონია და თქვა, რომ 4 ოქტომბერს მიმდინარე პროცესზეც კი რაიმე გაფრთხილება, ან ინფორმაცია არ იყო მათთან, რომ შეიძლება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ინციდენტებს ჰქონოდა ადგილი. ასევე, დაადასტურა, რომ ე.წ. პირველი ტალღისას 20-მდე ადამიანი ცდილობდა ღობესთან ჯაჯგურს, რა დროსაც ეს ღობე ეგრევე ჩამოიშალა, რაც კითხვის ნიშნებს, რომელიც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო ამყარებს.

ამასთანავე, დადასტურდა, რომ შეიარაღება და აღჭურვა მომიტინგეებს არ ჰქონიათ, რაც ადასტურებს, რომ არავითარ ორგანიზებულ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოწმედ სპეცრაზმელი იყო გამოკითხული.