თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმეს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავდა.

სარჩელის ფარგლებში მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

მოსამართლის თქმით, "პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება".

სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მოთხოვნა იყო, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს უარეყო განცხადებები, რომელიც 2025 წლის 10 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში და 2025 წლის 23 ივლისს  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააჟღერა. ორივეგან ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა, იყო დაკვეთილი უცხო ძალებისგან და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება.