სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი ქუთაისში მცხოვრები მაია ალფაიძეა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქალს სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა.

მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის სასტუმროს თანამშრომელმა დააკავა.

49 წლის მაია ალფაიძის მეზობლების თქმით, ქალს მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ.

მოკლულის შვილის თქმით, დედამისი თურქეთში დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა.

მისივე თქმით, ცხედარი ამ დროისთვის სტამბოლში, ექსპერტიზაზეა და საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.