შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

"უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს,  ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში - 312, მარტში - 360, აპრილში - 401, მაისში - 340 და ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე", - აცხადებენ შსს-ში.