ვერცერთმა ექსპერტიზის დასკვნამ და კონკრეტულმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ 15 კვადრატულ მეტრზე 2 ბოთლი ბენზინით გაჩენილი ცეცხლი გამოიწვევდა თითქმის 4 ჰექტარის სასამართლო შენობის განადგურებას, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს პირდაპირ გამორიცხავს იმას, რომ ტერაქტის მცდელობას ჰქონოდა ადგილი.

"მთავარი განმსაზღვრელი იმისა, იყო თუ არა ეს ტერაქტი, არის ის, გამოიწვევდა თუ არა ეს დანაშაული სასამართლოს შენობის განადგურებას.

ვერცერთმა ექსპერტიზის დასკვნამ და კონკრეტულმა მოწმემ ვერ დაადასტურა და ამის რეალური მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ 15 კვადრატულ მეტრზე 2 ბოთლი ბენზინით გაჩენილი ცეცხლი გამოიწვევდა თითქმის 4 ჰექტარის სასამართლო შენობის განადგურებას.

უბრალოდ ცდილობენ, მსუბუქი დანაშაულის წარმოჩენას უმძიმეს დანაშაულად", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.