ვითხოვთ, რომ დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომ შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილი ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის მუხლით მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქმედება ტერორისტული იყო.

"პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადებები გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი. მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და არის ტერორისტული აქტი, პროკურატურამაც დაუყოვნებლივ აღნიშნული კვალიფიკაცია შეცვლა. პირდაპირი ზეწოლა იყო პროკურატურაზე და აღნიშნული გამოიხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა, ასევე ზეწოლა იყო სასამართლოზე, როცა შესაბამისი გადაწყვეტილება გამოაცხადა და  ალექსანდრე ელისაშვილი ცნო მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ, ტერორისტული აქტის ჩადენაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომ შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია",  - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.