ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ ჩამოიღოს თაროდან ეს საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა, ასევე, ვთხოვთ პროკურატურას, ის ბრალი, რომელიც არის აბსურდული, რის გამოცაა შეზღუდვები დაწესებული, გაუუქმოს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმეებში არ დევს მტკიცებულება, რაც მის დანაშაულს დაადასტურებს.

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს 4 სისხლის სამართლის საქმე, აქედან ერთ-ერთი არის ე.წ. ძაღლების საქმე, რომელიც მოფიქრებულია 13 წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით. 

ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე შემოდო  თაროზე და მიზეზი არის ის, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა. აგრეთვე, მიზეზი არის, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში და აქ ერთადერთი მტკიცებულება არის ე.წ. ძაღლები. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ განიხილავენ ამ საქმეს არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული, რომელიც შეეხება, როგორც ოჯახის წევრების, ისე სხვებთან კომუნიკაციას, შეზღუდული აქვს ასევე მიმოწერის უფლება, ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ ჩამოიღოს თაროდან ეს საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა, ასევე, ვთხოვთ პროკურატურას, ის ბრალი, რომელიც არის აბსურდული, რის გამოცაა შეზღუდვები დაწესებული, გაუუქმოს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.