პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე 3 დღის განმავლობაში კარცერში ჰყავდათ, - ამის შესახებ კიკნაძის აუდიოჩანაწერში საუბრობს, რომელიც მისმა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მედიას მიაწოდა.

როგორ კიკნაძე ჩანაწერში ამბობს, კარცერში გადაყვანა საკნის შემოწმების დროს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეპასუხებას მოჰყვა.

"კარცერში 3 დღე-ღამე გავატარე. შემოწმებააო აბანოში გადითო, მეთქი რატომ უნდა გავიდე, წინაზე რომ გავედი ცუდი რაღაცები მოხდა და ახლა არ გავალ მეთქი. მერე დავრჩი ოთახში და შემოვარდნენ ღორებივით, გიჟებივით ჩამოგლიჯეს თოკები.ზედ რაც იყო პირსახოცები და ტანსაცმელი ერთმანეთში არი-დარიეს და სადღაც მიყარეს. ჯერ მაგაზე ვთხოვდი პასუხს, თქვენ რომ არიეთ უნდა დაალაგოთ-მეთქი. არაო, ჩვენ არევა გვევალება აქო, დალაგება თქვენი საქმეაო... შენო პატიმარი ხარ და რა კითხვების დასმას ბედავო... ესო რამდენს ლაპარაკობსო და კარცერში ჩავიყვანოთო, ეს იყო და ეს. 

საერთოდ შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია.  მომკიდა ამ ხუთმა კაცმა, დამეჯიკავა, წინააღმდეგობაც არ გამიწევია ისე სასაცილოდ მეჭიდავებოდა ერთი, ვუთხარი კიდეც - ჩემო ძმაო ეგრე ძაან ნუ ცდილობ, მაინც არავინ დაგაწინაურებს მეთქი...

არც მეორე დღეს გამომიშვეს, მესამე დღეს ღამე მოვიდნენ სხვა საკანში უნდა გადაგიყვანოთო, შენთან ვიღაცა შესახლდაო, სხვაო, ღამე მოვიდნენ კიდე, შენთან ვერ გადახვალო. თუ სხვა საკანში გადაგყავართ, მე გეტყვით ვისთან გადამიყვანოთ, ონისესთან გადამიყვანეთ-მეთქი და კაიო და ახლა ვარ ონისესთან, ჩემ საკანში არ დამაბრუნეს. ამათმა კარცერში კი არა კუბოშიც რომ ჩამსვან, ჩემზე თავისუფლები მაინც ვერ იქნებიან.  მე, ონისე და ერთი კაი ბიჭი ვართ და მშვენივრად ვართ. მე, სადაც არ უნდა ჩამსვან, კარგად ვიქნები, მაგრამ ამათ უსამართლობას მე არ მოვითმენ და თვალს არასდროს არ დავუხუჭავ", - ამბობ რეზო კიკნაძე ჩანაწერში [პუბლიკა]