ჭიათურელი მაღაროელები 26 მარტს, 13:00 საათზე თბილისში, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 

"ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.

ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.

ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტი კორუფციულმა დეპარტამენტმა, შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.

ასევე გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნულია მაღაროელების მიმართვაში.

აქცია თავდაპირველად 19 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიდო.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.