მხოლოდ ამ 4 არასრულწლოვნით არ შემოიფარგლება გიგა ავალიანის მკვლელობა, რამდენიმე არასრულწლოვანი კიდევ დაჯდება საბრალდებო სკამზე, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას გარდა, საბრალდებო სკამი ელოდებათ ექიმებსა და  სამართალდამცველებს.

"მიუხედავად იმისა, რომ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ არც ბრალდებულები და არც მათი ადვოკატები, უფრო მეტსაც გეტყვით - ადვოკატები აქამდე დუმდნენ, ეს დუმილი გუშინ დაარღვიეს და არცერთმა არ მოინანია ის, რომ უდანაშაულო ბიჭი მოკლეს.

სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდების შემთხვევაშიც კი, სრულად არ აღდგება სამართალი იმიტომ, რომ მხოლოდ ამ 4 არასრულწლოვნით არ შემოიფარგლება გიგა ავალიანის მკვლელობა, რამდენიმე არასრულწლოვანი კიდევ დაჯდება საბრალდებო სკამზე. ამას გარდა, საბრალდებო სკამი ელოდებათ ექიმებს, სამართალდამცველებს.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო მოსამართლეს თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასჯელის განსაზღვრა 8 აპრილის სხდომაზე მოხდება.

სამივე არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.