ეს არის მთავრობის დაკვეთა და უფრო შორსაც მიდის, ეს არის რუსეთის დაკვეთა, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან მანამდეც იცოდა, ვინ ებრძოდა. 

"ვამბობდი, თუმცა ფაქტები ცოტა მქონდა, მაგრამ დღეს ფაქტი მაქვს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა და უფრო შორსაც მიდის, ეს არის რუსეთის დაკვეთა.

მე ისედაც ვიცოდი ვინ მებრძოდა, მაგრამ ახლაც ვიცი, ვინ მებრძვის და ვის უნდა ვებრძოლო, ამიტომ, ჩემი ბრძოლა არ არის ჩემგან, ჩემი ბრძოლა არის ღვთისგან, ჩემთან არის ღმერთი, ამიტომ, მე არაფრის არ მეშინია. მათ მე განაჩენი უკვე გამომიტანეს, რადგან ჩემი დასჯა დააპირეს", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის დასკვნით, "არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე".