მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს ადვოკატის პროფესიას და ხელი არ შეუშალოს არცერთ ადვოკატს თავის პროფესიულ საქმიანობაში, განუხრელად იმისა მოგვწონს თუ არა ადვოკატის კლიენტი!, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გაიგივებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

ამ მიმართულებით ფაქტია გვაქვს სამუშაო საზოგადოებასთან და ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, ეს ყველას საქმეა!

საზოგადოებას კი, რომელსაც აქვს ამბიცია რომ შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება ერქვას, ეს ელემენტარული უნდა ესმოდეს.

რაიმე ნიშნით და მით უფრო ამ ნიშნით ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი უკანონო ქმედება მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისმგებლობას.

მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს ადვოკატის პროფესიას და ხელი არ შეუშალოს არცერთ ადვოკატს თავის პროფესიულ საქმიანობაში, განუხრელად იმისა მოგვწონს თუ არა ადვოკატის კლიენტი!

ადვოკატები ვემსახურებით დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუკეთესო ინტერესებს, ეს არის ამ პროფესიის წარმომადგენელთა ფუნქცია, პირდაპირი დანიშნულება.

ადვოკატი დამოუკიდებლად არჩევს და ათანხმებს კლიენტთან დაცვის სტრატეგიას და მასში ვერავინ ჩაერევა.

საზოგადოების წევრებს ისიც უნდა ავუხსნათ და ვუთხრათ, რომ მსგავსი ბულინგი ადვოკატზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და რაღაც ეტაპზე არ უნდა დაგვაპირისპიროს ამ მოვლენებმა ჩვენივე საზოგადოების წევრებთან, თუმცა არც ეს მიდგომა საზოგადოების მხრიდან არ არის სწორი, დავფიქრდეთ მეტად და საზოგადოების გვერდით მდგომი პროფესიის წარმომადგენლებს გავუფრთხილდეთ, ადვოკატი ყველას სჭირდება და დასჭირდება მუდამ და საკუთარ თავს ნუ ებრძვით, ამას დამატებითი ახსნა სჭირდება?!

ვისურვებდი, ყველაფერში და რა თქმა უნდა, ამ საკითხში საზოგადოებას მეტი შორსმჭვრეტელობა და პატივისცემა მათი გვერდში მდგომი პროფესიის წარმომადგენელთა მიმართ ახასიათებდეს",- წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.