ქალბატონო პრეზიდენტო, რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ  სასახლესთან შეკრებილ ხალხს?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია წერს.

"მე, გიგა ოთხოზორიას დედა, ჩემი ოჯახის სახელით ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად და შესწირეს სიცოცხლე მათ უპირველეს მოვალეობას. ჩემი შვილის სახელთან ერთად ლოცვებში ყოველდღე ვახსენებ მათ და უფალს შევთხოვ მათი სულების ნათელში ყოფნას.

უამრავი გმირის სახელებიდან ორი მათგანის გამოყოფა დიდ უხერხულობას მიქმნის მე, ყველა იმ დედის წინაშე, რომელთა შვილები, როგორც ჩემი გიგა, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. გუშინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან აღვნიშნე ყოველივე ეს, თუმცა ვერსად მოვისმინე. გავაჟღერე აგრეთვე ჩემი სურვილიც, ქალბატონ პრეზიდენტს ყურად ეღო თავისი ხალხის მოთხოვნა და გაეთავისუფლებინა ნიკა გვარამია.

ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ყოველივე იმის სისწორეში, რაც გუშინ ილაპარაკეთ, მაშინ რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ  სასახლესთან შეკრებილ ხალხს?" - წერს ჯულიეტა ჭანტურია.