"ოცნების" მცველს "ხარებას" სცემეს.  ვინც სცემა  ის ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთშია გაქცეული. დაპირისპირებას ორი მთავარი ფიგურანტი ჰყავს -  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი  ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] და  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი.

ყველაფერი კი სუფრაზე უთანხმოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის უმძიმეს დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ შინჯიკაშვილის სახლს მარტყოფში ადგილობრივები იცავდნენ, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ რომ იქ მისვლას ხარებას დაჯგუფება აპირებდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, რომელიც მხარეების შერიგებას ცდილობს.

კონფიდენციალური წყარო "შაბათის მთავარს" უყვება, რომ პირველი დაპირისპირება "ოცნების" ორი ძალადობრივი დაჯგუფების მეთაურს შორის სასტუმრო "მერკურის" ვერანდაზე, დაბადების დღეს მოხდა. რა ვერ გაიყვეს უცნობია, ერთ-ერთი არაოფიციალური ცნობით საქმე დიდ ფულს და "ოცნების" ყულაბას ეხებოდა.  წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, ხარებას და შინჯიკაშვილის გაშველება სუფრაზე ვერავინ შეძლო. გაბრაზებული ხარება გუბერნატორის მოადგილეს "ნაციონალს" ეძახდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ხარებამ  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

წყაროს ინფორმაციით, გიორგი შინჯიკაშვილმა ქვეყანა ხარებას ცემის შემდეგ რამდენიმე საათში დატოვა. დაიმალნენ მისი დაცვის ის წევრებიც, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.  თუმცა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. შეურაცხყოფილმა ხარებამ  შინჯიკაშვილის ძებნა სპეცრაზმთან ერთად დაიწყო.

გიორგი შინჯიკაშვილის სახლთან მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხარებამ და მისმა სპეცრაზმმა გუბერნატორის მოადგილე იქ ვერ იპოვეს და ტერიტორია დატოვეს. სოფელშიც და რაიონშიც ყოფილ ძიუდოისტ შინჯიკაშვილს დიდი გავლენა აქვს და მის დასაცავად ქუდზე კაცი გავიდა. წყაროს ინფორმაციით, მობილიზებას წინ უსწრებდა თავად შინჯიკაშვილის თხოვნა ადგილობრივებისთვის, რომ მისი ოჯახი დაეცვათ. SMS-ის მიღების შემდეგ, სტატუსები გაჩნდა სოციალურ ქსელშიც.

"მოგესალმებით მეგობრებო, გიორგი შინჯიკაშვილი კი იცით ვინ არის ყველამ. ახლა ამწუთას ამ ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა.  ვისაც გსურთ რომ გიორგის გვერდით დადგეთ გთხოვთ მობრძანდეთ მის სახლთან" - ამ პოსტის ავტორი გარდაბნის საკრებულოში მარტყოფის მაჟორიტარი დავით ებილაშვილია.  სოციალურ ქსელში მის გვერდზე ჩანაწერი აღარ იძებნება, თუმცა ის ფაქტი რომ 11 ივნისის საღამოს შინჯიკაშვილის სახლთან მათ შორის სახელმწიფო მოხელეების მობილიზება იყო, "მთავარის" გადაღებული კადრებით დასტურდება.

ქვემო ქართლის გუბერნატორის სახლთან მისასვლელი გზები მის მხარდამჭერებს გადაკეტილი ჰქონდათ. საჯარო მოხელის ოჯახს მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან ადგილობრივები და სუსი იცავდა. ავტომობილების უმეტესობა, რომლებიც  შინჯიკაშვილის  სახლის სიახლოვეს იყო გაჩერებული,  სახელმწიფო ბალანსზეა - ამას მოწმობს სპეციალური საშვები, რომელიც საქარე მინაზე იყო დამაგრებული. მათი მძღოლები კი "შაბათის მთავარის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ადგილობრივებს ხარებას შურისძიებაზე საუბარი მკაცრად აკრძალული ჰქონდათ და სისტემა დაპირისპირების დამალვას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივების მცირე ნაწილმა მაინც არ დამალა, რომ ხარებას სპეცრაზმელები მარტყოფში გიორგი შინჯიკაშვილთან ანგარიშსწორების მიზნით ჩავიდნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და გიორგი შინჯიკაშვილის დაპირისპირების შესახებ ვრცელდებოდა რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ  ხელჩართული ჩხუბიდან  გიორგი შინჯიკაშვილმა მალევე საქართველო დატოვა. ამბის გადამოწმება ჩვენ გიორგი შინჯიკაშვილის დედასთან ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. საჯარო მოხელის დედა გაურბის თითქმის ყველა იმ კითხვას, რომელიც მისი შვილისა და ხარებას დაპირისპირებას ეხება.

არსებული ინფორმაციით, სოფელი მარტყოფი არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც ხარება სპეცრაზმელების დახმარებით გიორგი შინჯიკაშვილს ეძებდა და სპეცრაზმი საკრებულოებსა და გუბერნატორის ოფისშიც შევარდა.

წყაროს მიერ, "შაბათის მთავრისთვის" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მხარეთა შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ გმირთა მოედნის დარბევის ფიგურანტებიც - გიორგი უბილავა და დიმა ჭუმბურიძე.

კითხვების დასასმელად და იმის გასარკვევად, თუ რა გახადა ანგარიშსწორების მიზეზი ხარებასა და შინჯიკაშვილს შორის, უბილავას საცხოვრებელ სახლთან მივაკითხეთ. ის შინჯიკაშვილის დაცვის წევრია, რომელიც სავარაუდოდ, დაპირისპირების შემდეგ ჭუმბურიძესთან ერთად მიმალვაში იმყოფება.

ზვიად ხარაზიშვილი კამერასთან არ გამოჩენილა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც გიორგი შინჯიკაშვილი.

წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებულების შერიგებას ცდილობს კახა კალაძე. ამავე ცნობით, მან შინჯიკაშვილს ქვეყანაში დაბრუნება სთხოვა და უსაფრთხოების გარანტიებიც მისცა. არ არის გამორიცხული შინჯიკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდეს

გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მალევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაც ჩაერთო. ეს დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალითაც, რომლითაც ეპარქია გუბერნატორის მოადგილეს სოლიდარობას უცხადებს. ინფორმაციის გადამოწმებისა და დამატებითი  დეტალების გარკვევის მიზნით, მეუფე გიორგი ჯამდელიანს დავუკავშირდით, რადგან კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სწორედ ის იყო პირი, რომელიც მოლაპარაკებებს შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან აწარმოებდა. სასულიერო პირმა კომენტარი არ გააკეთა.