"ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავდა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

მედიკოსების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა პირველადი დამუშავება ჭრილობის. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა შუბლის მარჯვენა არეში. მოხდა დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები, რადიოლოგიური კვლევები. თავს ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებლად გრძნობს. რაიმე ჩივილები სხვა მხრივ არ აქვს. მოძრაობის ფართეკიდურებში თანაბარი, ნევროლოგიური გასინჯვით მას არანაირი დაზიანება არ აქვს.

იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. უმჯობესია, მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის ტომოგრაფიაზე დაზიანება არ ექნება, 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ შეეძლება, კლინიკა დატოვოს", - განაცხადა ექიმმა.

"ტვ პირველის" რეპორტიორი და წამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის დროს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა. კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.

tvpirveli.ge