გულწრფელად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე წინა პროცესების შედეგებიდან. ჩემს შვილთან შევძლებ დროის გატარებას, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის იბრძოლებს ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისთვის.

"გულწრფელად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე წინა პროცესების შედეგებიდან. არ ველოდი, რომ ჯარიმით გამომიშვებდნენ. სიხარულის პირველი მომენტი მქონდა იმიტომ, რომ გავიაზრე, ჩემს შვილთან შევძლებ დროის გატარებას, მაგრამ ჩემი თანამებრძოლები გაუშვეს ციხეში. მე პირობას ვაძლევ თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, რომ მე მათთვის ბრძოლას გავაგრძელებ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ნანა სანდერსს 7 წლით, ანტონ უპერს და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლემ  5000 ლარით დააჯარიმა.