ჩვენ არანაირი მიზეზი და საფუძველი არ გვაქვს უიმედობისა და სასოწარკვეთილებისთვის. მის უწმიდესობას ჩვენ მივაგებთ პატივს, მადლიერებას, იმ დიდი ღვაწლისათვის, რაც მან გააკეთა. მის გაკეთებულს, ნამუშაკევს, მხოლოდ შენარჩუნება კი არა, განვითარება სჭირდება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში  დიდი ხუთშაბათის საღმრთო მსახურებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პატრიარქი შრომობდა დაუღალავად და მისმა შრომამ, ლოცვამ, იმ ურთულეს პერიოდშიც კი, როცა ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, შედეგი გამოიღო.

"გულდასაწყვეტი და მტკივნეულია, როცა ბევრი ადამიანი, ნათლობით ქრისტიანი, არც ერთხელ არ არის ნაზიარები. ეს ძალიან მძიმე შემთხვევებია; უნდა დავფიქრდეთ ამაზე და გავაცნობიეროთ, რომ ეს მომდინარეობს ჩვენი რელიგიური უმეცრებიდან, ჩვენი რწმენის არცოდნიდან.

არ შემიძლია კვლავ არ შევეხო კათოლიკოს-პატრიარქის თემას, რომლის ფოტოც შუა ტაძარშია დაბრძანებული. ჩვენ არანაირი მიზეზი და საფუძველი არ გვაქვს უიმედობისა და სასოწარკვეთილებისთვის. მის უწმიდესობას ჩვენ მივაგებთ პატივს, მადლიერებას, იმ დიდი ღვაწლისათვის, რაც მან გააკეთა. მის გაკეთებულს, ნამუშაკევს, მხოლოდ შენარჩუნება კი არა, განვითარება სჭირდება. როცა მან მიიღო ტახტი, საპატრიარქო კვერთხი, იმ დღიდან იტვირთა მან ერის სულიერი წინამძღვრის ტვირთი. შრომობდა დაუღალავად და მისმა შრომამ, ლოცვამ, იმ ურთულეს პერიოდშიც კი, როცა ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, შედეგი გამოიღო.

ნუ დავაბრალებთ დროს, რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი და ყველაფერი ამის გამო მოხდა! დიახ, დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, საკითხავია - რა გზით მოვიდა ეკლესია, როგორ მოვიდა აქამდე ქვეყანა? ისიც გავიხსენოთ, სად იკრიბებოდნენ პირველი მერცხლები ეროვნული მოძრაობისა, სად ნახულობდნენ ისინი სულიერ საზრდოს, თავშესაფარს? ცხადია, ეკლესიაში! და, აი, მოვედი იმ თემასთან, რომელიც ასევე დღევანდელ დღეს უკავშირდება.

დღეს 9 აპრილია! ლოცვაში მოვიხსენიეთ და უფალს შევავედრეთ 9 აპრილს გარდაცვლილნი, დაღუპულ-დასახიჩრებული ახალგაზრდები. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულნი. ერისთვის მათი ღვაწლის უკვდავყოფა ყველაზე კარგად გამოიხატა იმაში, რომ 1991 წელს, სწორედ 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში. ადამიანებს უკეთესი ყოფა უნდათ და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის სიცოცხლის ნიშანი, არ მეგულება ჩვენი ქვეყნის არცერთი ჭეშმარიტი მოქალაქე, რომელსაც არ უნდოდეს ქვეყნის განვითარება, მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს რთულია! თვით "9 აპრილი“ გვაჩვენებს, რომ თავისუფლების მოპოვება რთულია, ხოლო მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული. ამას სჭირდება სიბრძნე, გონიერება, მრავალი სხვადასხვა ნიჭისა და უნარის გამჟღავნება ცხოვრებაში.

მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდება და ამ ქვეყნის კეთილდღეობა იქნება დანთებული სანთელი ქვეყნისთვის თავგანწირული ადამიანებისათვის, მათთვის, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას, მის კეთილდღეობას არა მხოლოდ 9 აპრილს, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ეწირებოდა.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი თავდადებულნი მამულიშვილნი, ყველა დროში და მათ შორის 9 აპრილს დაღუპულნი. ნიშანდობლივია, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ 9 აპრილს 1991 წლისა გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. საცდური დიდია, მრავალგვარია; ის გტაცებს ყურადღებას, დროს, იმ ძვირფას დროს, რომელიც ცხოვრების, სიცოცხლის მთავარი ნაწილია. ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას, რომ ეს დრო, რაც მოცემული გვაქვს, ღირსეულად გავატაროთ. 

ღმერთმა დალოცოს თქვენი სიცოცხლე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს სიცოცხლე და დღეგრძელობა, ღმერთმა დალოცოს თითოეული ღვთის შვილი. ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხატებაა მისი! დაე, არასდროს დამახინჯდეს მასში ხატი ღვთისა! დაე, ვიდოდეს იგი ღვთისადმი რწმენით, სიყვარულით და მომავალი აღდგომის სიხარულით. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.