კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გაგრძელდეს საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

"ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28).

თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი...

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...

არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21).

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს...

ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ, ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული.

სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით...

ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!

ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა...

სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება", - აღნიშნულია ეპისტოლეში.