მკვლელობას ვუკავშირებ იმას, რომ თამუნამ კომპიუტერში რაღაც ნახა, არ ვიცი შემთხვევით, ან ვიღაც დაეხმარა - გაიგო მასშტაბური სიმართლე, რაც არ უნდა გაეგო, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

"თუნდაც რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რასაც თავიდანვე ვიძახდი. საჭირო გახდა თამუნას მოშორება, ის მოჩხუბარი ბიჭი არ იყო, გარჩევაში რომ მოეკლათ. დაიწერა სცენარი, სახლიდან გაეყვანათ და ჩუმად მოეკლათ...

თუნდაც პირბადეზე აღმოჩენილ უცხო დნმ-ზე არ მაქვს პასუხი. ბავშვი შავი მაისურით გავიდა და პროზექტურაში თეთრი ფითქინა მაისურით მოხვდა, რომელსაც არცერთი ლაქა არ ჰქონდა. ყიდულობს ელექტროშოკებს, უკავშირდება თეონა ყურუას და ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს. იმეგობრებს ჟურნალისტებს, თადარიგს იჭერდა, რადგან მარტო ებრძოდა სისტემას...

თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი შოთაძე [ყოფილი გენერალური პროკურორი] ამ საქმეს ფარცხავდა. მერე ადგა, დაწერა განცხადება და წავიდა, ვითომც არაფერი - მასაც მოეთხოვება. თავიდანვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილზე როცა ვიძახდით, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს კურირებდა, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მავანს, დღეს ხომ დარწმუნდნენ, რომ სამართალდამცველებთან კი არა, ბოროტმოქმედებთან გვქონდა საქმე", - განაცხადა თამაზაშვილმა.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის დედა დარწმუნებულია, რომ "შეკვეთილ მკვლელობაში მაღალჩინოსნები ფიგურირებენ".

თეონა თამაზაშვილის თანახმად, "უპრეცედენტო თანხა დაიხარჯა თამუნას ამბის ჩაფარცხვისთვის". მისი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, თეთრიწყაროში კონკრეტული ადამიანი დადიოდა, "ზოგს დაემუქრა, ზოგი დააშინა, ზოგი კი მოისყიდა".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომხდარი უკავშირდებოდეს "ქოლ-ცენტრების" თემას ბაჩალიაშვილის დედა პასუხობს: "დიახ, რა თქმა უნდა".

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ის შეუერთდება შვილმკვდარი დედების აქციას, რომელიც უკვე დაანონსდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.