თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება, თუმცა პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ გზის მშენებლობისას დაშავებულ პირთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით რჩება კლინიკაში ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ.

"პაციენტი სამშენებლო საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მდგომარეობით, ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით, თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ბეჟან ხოზრევანიძემ.

გუშინ გვიან ღამით ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე - სოფელ წკერესში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი მოჰყვა. თურქმენეთისა და ჩინეთის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, განის ერთი მოქალაქე ჯერ გუდაურის საავადმყოფოში მოათავსეს, ამჟამად კი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.