რეანიმაციაში, ზეწარგადაფარებულ გიგაზე უფრო მძიმე სანახავი თუ იქნებოდა გიგას საქმის მასალების ნახვა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. უამრავ ადამიანს სცოდნია გიგას მკვლელობის ამბავი და ამ პირსისხლიან ლაწირაკებს ეხმარებოდნენ სამხილების გაქრობისთვის, თან ასწავლიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქმის მასალების წაკითხვის შემდეგ მისი ყველა ეჭვი გამართლდა და კიდევ უფრო გამყარდა კიდეც.

"რეანიმაციაში, ზეწარგადაფარებულ გიგაზე უფრო მძიმე სანახავი თუ იქნებოდა გიგას საქმის მასალების ნახვა, ამას ვერ წარმოვიდგენდი...

მაპატიეთ, რომ ვერ ვწერ პოსტებს; თქვენ, ჩემი თანამებრძოლები ხართ და არ გეკადრებათ საინფორმაციო ვაკუუმში რომ მყავდეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მინახავს. 

უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ ჩემი ყველა ეჭვი გამართლდა და გამყარდა. უფრო მეტიც, უამრავ ადამიანს სცოდნია გიგას მკვლელობის ამბავი და ამ პირსისხლიან ლაწირაკებს ეხმარებოდნენ სამხილების გაქრობისთვის, თან ასწავლიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

აღმოვაჩინე სერიოზული სიახლეებიც, გავამყარებ ჩემს ხედვას და მოგახსენებთ ყველაფერს. 

ორი არასრულწლოვნის ბრალის დამძიმება ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ გენერალურმა პროკურატურამ სადავეები თავად აიღო ხელში და ლუკა გამყრელიძეები ვეღარაფერს მიაფუჩეჩებენ/ჩაფარცხავენ.

რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანის  დედის განცხადებას, არ წამიკითხავს, ნიკამ უცებ ჩამიკითხა. ის ატყუებს საზოგადოებას, მის შვილს ედავებიან 117-ე მუხლის მე -3 ნაწილს, 18-ით.

რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფურად დანაშაულის მომზადებაში ღებულობდა მონაწილეობას. ეს მე, ჯერ კიდევ პირველ აქციამდე გავაჟღერე ტვ.პირველის პირდაპირი ეთერიდან, როცა საქმის ფიგურანტებზე ვსაუბრობდი.

საქმის მასალებიდანაც ცალსახაა დემეტრე ჩიქოვანის ეს ბრალი!!! 

მეტსაც გეტყვით, რამდენადაც ვიცი (ჯერ ვერ ვიპოვე საქმის მასალებში, მაგრამ მაქვს ინფორმაცია), მისმა უფროსმა შვილმაც, გიორგი ჩიქოვანმაც იცოდა გიგას მკვლელობა!!!!! მისი ორივე შვილის კრიმინალურ ცხოვრებას გამოვუაშკარავებ! კომენტარებში ნახა ალბათ, რომ ხალხი მირჩევდა არ მეშიმშილა; იფიქრა, შიმშილი სენსიტიურია და საზოგადოება მომეშველებაო, მაგრამ დაავიწყდა მოტივი...

მე ვარ გიგა ავალიანის, უწესიერესი ახალგაზრდის დედა, ის კი კრიმინალი დემეტრეს და გიორგის დედა!

ნია იმნაძეზეც გეტყვით ორი სიტყვით. ნია იმნაძის ოჯახი იმიტომ ამბობს, საქმის მასალებიდან ჩვენი ბრალეულობა არ იკვეთებაო, რომ წაშლილი აქვს ყველანაირი ჩათი, სურათები, ყველაფერი.... გაწკრიალებულია ტელეფონი და პროგრამამაც ვერ აღადგინა ვერაფერი! 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დატოვებულია მხოლოდ 13 ზარი, აქედან 5 დედის, 4 მამის და 4 მეგობარი გოგონების. აბა,  ვნახოთ, მე რომ საჩივარი შევიტანე, იმას როგორ გასცემს პასუხს მისი ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი! გიორგი ლეკიშვილო,  არც კი იცი რა გაუკეთე შენს ფულზე დახამებულ თავს!!! შენი ადვოკატობა შეეწირება მაგ პატარა პუტანკას!

თავგანწირვით ვიბრძოლებ, ვიდრე ყველას, შესაბამისი მუხლით, არ დავსვამ საბრალდებო სკამზე!!!", -  წერს ეკა კუპატაძე. 

28 წლის გიგა ავალიანი თბილისში არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. 

გამოძიებით ცნობით, დ.ჩ. -ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ა.ნ.-ს კი პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.