სამხედრო ჟურნალისტის უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის სახლიდან ამოღებული იარაღებიდან, რისი ამსახველი ვიდეოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ძირითადად, სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია.

"უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული", - წერს თოდუა.

მანამდე კი იურისტი გიორგი მშვენიერაძეც წერდა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში Airsoft-ის სათამაშო იარაღები ჩანდა.

სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელი და ბლოგერი უჩა აბაშიძე შსს-მ 9 მაისს დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.