სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.

ლოცვის შემდეგ, პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობას და მთელ ქართველ მრევლს.

მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.

სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზეც და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა არამხოლოდ სამწყსოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.

ამასთან, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს დიდი როლი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციის დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.