რაზე გვაფიქრებს ღვთისმშობლის მიძინების დღე? ჩვენს გარდაცვალებაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მესამე დაბადების გაუცნობიერების გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის შფოთი და აურზაური.

"ძვირფასო დებო და ძმებო, რაზე გვაფიქრებს ღვთისმშობლის მიძინების დღე? ჩვენს გარდაცვალებაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელება, საშინელი მოვლენა, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ცუდად ვაცნობიერებთ, რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს, ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში, მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ ჩვენ თუ მოგვინდება, ადამიანს თუ მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად.

სიკვდილი ჩვენთვის დღეს აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა დარჩენილი. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: მისი სახელიც კი ლიტონი გახდა. ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას. შეგახსენებთ თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს: ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლად. წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: არ გვინდა ძმებო თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე. აი, რა ყოფილა გარდაცვალება. ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში, ანუ დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.

ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით ან საერთოდაც არ ვემზადებით. მესამე დაბადების გაუცნობიერების გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური, შიში და ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით. ძვირფასო დებო და ძმებო, დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე, როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედაღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.