თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლების თქმით, აქციის მიზეზი მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, საიდანაც გაიგეს, რომ შენობა ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს, მოსწავლეები კი სხვა სკოლებში უნდა გადაიყვანონ.

მშობლების ინფორმაციით, შეტყობინება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკოლის დირექციისგან მიიღეს. 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში შესაძლოა, შენობის გაყიდვის ან დანგრევის საშიშროება იდგეს.

როგორც მშობლები აცხადებენ, თუკი დადგინდება რომ ყოფილ გერმანულ სკოლაში სწავლის გაგრძელება შეუძლებელია, სრულად უნდა შენარჩუნდეს პედკოლექტივი და გამოიყოს ალტერნატიული ფართი. ისინი სწავლის დისტანციურად გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მისივე თქმით, სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.