იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

იქამდე სიონის საკათედრო ტაძარში თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

თენგიზ ცერცვაძე პირველ აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება.