პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან საქმის ხელახალ და სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში კვლავ ბუნდოვანება და პასუხგაუცემელი კითხვებია. 

"იმდენად ბევრი კითხვაა ამ საქმეში და იმდენად ბევრი ლაფსუსებითაა სავსე ეს საქმე, რომ იძულებული გავხდი, ასე მიმემართა, რომ ფართო საზოგადოებას სცოდნოდა, რა სახის კითხვებზე არის საუბარი.

ყველაზე მეტად საეჭვო გარემოება ამ გამოძიებაში არის ის, თუ რატომ გახდა საჭირო მეორე განჩინება, როცა სოციალური ქსელების გამოთხოვა აშშ-დან საკმარისი იქნებოდა და ფარდას ახდიდა ყველაფერს.

რატომღაც ახლა განაცხადეს, რომ ამ საქმეზე თქვა უარი აშშ-მაო. დღეს ჩვენ მივმართავთ მათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რატომ თქვა აშშ-მა უარი", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დააანონსა, რომ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს პროკურატურაში გამოძიების მოთხოვნით მივლენ. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.