28 აპრილის აქციაზე ახალგაზრდებმა (კრებითად: ჯენზი-მ) ასფალტზე ვარდისფერი მარკერით ორი სიტყვა დაწერეს: "თქვენც დაგიხსნით" და გული. ყველაზე საჭირო, ყველაზე მეტყველი და ყველაზე ადამიანური გზავნილია ეს იმ ადამიანებამდე მისასვლელად. მე თუ მკითხავთ, ახალი მოძრაობის დაბადებაა. მთავარია, ასფალტზე დაწერილად არ დარჩეს და წყლის ჭავლმა ისევე არ გადარეცხოს, როგორც ის ნაგავი, გუშინდელი აქციიდან რომ დარჩა. ბლომად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და მწერალი ნანა აკობიძე წერს.

"ნებისმიერ დროს, ხელისუფლების მიერ გამართულ ნებისმიერ კონტრაქციაზე პირველ რიგში თვითონ ეს ფორმაა ყველაზე სევდიანი ამბავი: აქციას რომ კონტრაქციით ეტოლები და ამკვიდრებ სტანდარტს, რომ ძალა რ ა ო დ ე ნ ო ბ ა შ ი ა!

მეორე მთავარი სევდიანი ამბავი არითმეტიკაა: შესაკრებთა შეკრებით მიღებული ჯამი და საამისოდ დადგენილი მახინჯი სტანდარტი: მოქკავშირიდან-ნაცების გავლით-ოცნებამდე.

მესამე და ყველაზე მთავარი ამბავი ისაა, რაც ნებისმიერ ასეთ კონტრაქციაზე მარკერივითაა და ჩემთვის პირადად არც პოლიტიკა ჰქვია მას და არც სოციალური ყოფა. გვაქვს ქართულში ერთი ტერმინი, რაც ზუსტად გამოხატავს ამ ამბავს და მას ჰქვია ძაღლუმადური ყოფა.

ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი, რომლებსაც ერთ მშვენიერ დღეს ასე უცებ, ზემოდან დაძახილზე „მოუნდებათ“ ხოლმე დედაქალაქისკენ დაძვრა და რუსთაველზე დადგომა - ზუსტად ასე, ძაღლუმადურ ყოფაში ჩარჩენილი და გამოსავალვერნანახი ადამიანები არიან: დავით კლდიაშვილის მოთხრობების 21-ე საუკუნის პერსონაჟები.

ცხადია, იმ არითმეტიკაში, იმ შესაკრებებში, რომელსაც ასეთ დროს იშველიებს ხელისუფლება, სხვა „მდგენელებიც“ არიან: ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი ჰქვიათ მათ და ესეც შევარდნაძის დროინდელი მემკვიდრეობაა: გზადაგზა რომ დაიხვეწა (დაიხვეწა აქ წაიკითხეთ, როგორც: დამახინჯდა) და კი, ამას ჰქვია პოლიტიკა. მახინჯი პოლიტიკის ნაწილი.

მე კი იმ ნაწილზე ვწერ, საზოგადოების ნაწილზე. ჩვენს, ჩემს ნაწილზე და ჩვენვე რომ ვართ ნაწილი - იმ საზოგადოებაზე. წყალგამყოფი რომაა ჩვენს შორის, წლებია და პოლიტიკით ვფუთავთ.

ეს ტექსტი, ქვემოთ, სამი წლის წინ დავწერე: სამი აქცია იყო ერთ დღეს: კონტრაქცია, მდუმარე აქცია და პრაიდის მხარდამჭერი. მე მდუმარე აქციაზე მივდიოდი შვილთან ერთად და კონტრაქციას გადავეყარე. წინ გადამიდგნენ და არ მომცეს ნება, აქციას შევერთებოდი. როგორც ყოველთვის, მათმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა იმ დღეს, რას ეხებოდა აქციაც. იცოდნენ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო სიტყვა (ისიც - დამახინჯებულად, არსივით).

მაშინ დავწერე ეს ტექსტი და კომენტარებში გადამიარეს: რას ჰქვია, მათი გესმის, რას ჰქვია, მათი გაგება შეგიძლიაო.

კი. შემიძლია. ტექსტი იგივეა. იგივეს ვფიქრობ დღესაც. იგივეს ვფიქრობ ყოველ ჯერზე - როცა ვხედავ, როგორ იყენებს ხელისუფლება მათ, როგორ აყენებს „პირველ მწკრივში“ - რომ მათზე გადავიდეს დარტყმა და თვითონ, მათ ზურგებს უკნიდან, მათ „რაოდენობაზე“ შემდგარმა გვითხრას ის, რასაც გვეუბნებიან, რაც გვითხრეს თუნდაც გუშინ.
...
...მთელი დღე ვფიქრობ ამ ადამიანებზე. ამ შენაერთზე, იქ რომ იდგნენ გუშინ, გუშინწინ. ხვალაც რომ გამოვლენ, ყოველთვის გამოვლენ, როცა დაუძახებენ. ბრძანების და მითითების გამცემებზე ნაკლებად ვფიქრობ.
მე მათზე ვფიქრობ, იმ კონტიგენტზე, სხვადასხვა სოფელ-რაიონიდან მოკრებილ ადამიანებზე, „ბიომასად,“ „დაუბანელ ჩამოსულებად“, გორილებად, ერთუჯრედიანებად რომ იხსენიებენ (ვიხსენიებთ) და აქ, ფბ-ზე მომარჯვებული ჯოხებით მივერეკებით უკან.

ამ ადამიანებს (ბევრს) არ აქვთ ინტერნეტები და ფეისბუქები - თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მათგანი ვერც კი გაიგებს, რა ვთქვით და რა დავწერეთ მასზე.

წავლენ - დაბრუნდებიან თავიანთ სოფელ-რაიონებში და რა - სხვანაირად იფიქრებენ, სხვანაირები გახდებიან, სხვანაირი საქართველო ეყვარებათ? ზიზღი, დაპირისპირება, დამცირება მათი საუბრის მანერის და ჩაცმულობის მიმართ, კლავიატურებიდან ლანძღვა უფრო გააკეთილშობილებს? არა: ამ „მოგებული ომიდან“ (ასე სწამთ, ასე მიაჩნიათ, რომ 2-ით ნოლი მოიგეს) უფრო გაბოროტებულები, გულმოცემულები წავლენ და როცა დაუძახებენ, გამოიქცევიან. იცით, რატომ? ეს გამოქცევები, ნებისმიერი მიზეზით, სულისამოთქმაა იმ უარაფრობიდან, იმ უარაფრო რუტინიდან, სადაც ერგოთ გაჩენა, უარაფრო ადგილზე, უარაფრო გუშინ, დღეს და ხვალეში, სრულიად არათანაბარ პირობებში მათთან შედარებით, ვისაც დღეს მტრობენ და ებრძვიან. მათი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი უკვე გავიდა ამ უარაფრობაში, ზოგი ამაოდ ეცადა სხვანაირად, ზოგი - ვერა, ზოგი არა...

"ეს ელგებეტეები ფულს აკეთებენ, გრანტებს აკეთებენ“ - აწვეთებენ და ამხეცებენ იმის წარმოდგენაზე, რომ ამ ქვეყანაში ფულს ყველა შოულობს, მათ გარდა. ასე უხსნიან მათ. ასე ელაპარაკებიან. ისინი არავის, არავის სჭირდება ამ ქვეყანაში, როგორც ადამიანები, და როცა დგება დრო და ეკლესიის და სამშობლოს სახელით ეძახიან, გახარებულები გარბიან, რომ აი, მათი ძალა დასჭირდა ქვეყანას, ადამიანებად ჩათვალეს, აზრი ჰკითხეს....
ასეთ ხალხს ენატრება ლაპარაკი. იცით, როგორ უყვართ, როცა ელაპარაკებიან, უსმენენ, აზრს (აზრი აქ ბრჭყალებშიც და უბრჭყალებოდაც) ამთავრებინებენ? მაგრამ უბედურება ისაა, რომ მათ არავინ ელაპარაკება არასოდეს!! როცა არჩევნები მოდის, მხოლოდ მაშინ გრძნობენ, ოთხ წელიწადში ერთხელ, რომ სახელმწიფოს გაახსენდა მათი არსებობა. ის მენტალური კლიშეები, რაც მათ აქვთ - ქართველობის წართმევით დაწყებული და ფსევდორელიგიური ექსტაზით დამთავრებული, ერთ დღეში კი არ შეუძენიათ, ერთ დღეში რომ ჩამოიცილონ.
მოსინჯეთ - ესაუბრეთ, ჩამოართვით ხელი. ნუ დაისპირტავთ მერე ამ ხელს...

მათ შორის, გუშინ და გუშინწინ ვისაც ვხედავდით კონტრაქციებზე, არის ხალხი, ვინც ჩემზე, თქვენზე კარგად დაინახავს სინათლეს - თუ დაანახებენ.

ასეთი ადამიანებიც დავინახე მე იქ გუშინ, ახლოდან - მე ვიცნობ ამ ხალხს, ასეთ ადამიანებს, თქვენც იცნობთ ყველანი - ყველა ყველას შორეული ნათესავია, მოგვარეა, მეზობელია, ნათესავის ნათესავია. მაგრამ თვალს ვარიდებთ, ისე ვიქცევით, თითქოს არ ვიცნობთ ერთმანეთს, თითქოს სხვა პლანეტიდან, სხვა სახლმწიფოდან ჩამოიყვანეს ამ აქციებზე.

რას ვაბარებთ ამ ხალხს უკან?

მომავალ შეხვედრამდე - ისევ აქ, თბილისში თუ მათ სოფელ-რაიონებში? სად ვაფიქსირებთ ამჯერად „ბრძოლის“ ხაზს?

იქნება დროა, რომ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი?

p.s. 28 აპრილის აქციაზე ახალგაზრდებმა (კრებითად: ჯენზი-მ) ასფალტზე ვარდისფერი მარკერით ორი სიტყვა დაწერეს: "თქვენც დაგიხსნით“ და გული. ყველაზე საჭირო, ყველაზე მეტყველი და ყველაზე ადამიანური გზავნილია ეს იმ ადამიანებამდე მისასვლელად. მე თუ მკითხავთ, ახალი მოძრაობის დაბადებაა. მთავარია, ასფალტზე დაწერილად არ დარჩეს და წყლის ჭავლმა ისევე არ გადარეცხოს, როგორც ის ნაგავი, გუშინდელი აქციიდან რომ დარჩა. ბლომად", - წერს აკობიძე.