თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პოეტმა ზვიად რატიანმა ბრალდების მხარეს შესთავაზა, ჩატარებულიყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რათა პროცესის მონაწილეებს თავად დაედგინათ, რამდენად მტკივნეული იყო მისი გაშლილი მტევანი. რატიანის თქმით, ფიზიკური ტკივილის თემა სასამართლოში გადაჭარბებულად და მიზანმიმართულად არის პედალირებული, მაშინ, როდესაც ტკივილი სუბიექტური განცდაა.

ზვიად რატიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არავის ესიამოვნება ქუჩაში, სახალხოდ სილის გაწვნა, მისი ქმედება მორალურად ვერ იქნება უფრო მძიმე შეურაცხყოფა, ვიდრე ის, რასაც, მისი შეფასებით, ამ კონკრეტული პოლიციელის მიმართ მისი ხელმძღვანელობა და პროკურატურა სჩადის.

"არც ველოდი, რომ ასეთი პედალირებული იქნებოდა ფიზიკური ტკივილის ამბავი. რომ გაგჩენოდათ სურვილი (ბოლოს და ბოლოს ტკივილი სუბიექტური რამ არის) და გაგეგოთ, რამდენად მტკივნეულია ჩემი გაშლილი მტევანი, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მიმეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და უკეთ გაშლიდით თქვენს ოპუსებს. [მიმართავს პროკურორს.] მიუხედავად მთელი იმ აბსურდისა, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მიცხოვრია მე ისე, რომ ადვილი იყოს ამის გაკეთება [პოლიციელისთვის სილის გაწვნა] და მერე გვერდზე ისე გადადება, ვითომ არაფერი. რა თქმა უნდა, არავის ესიამოვნება, როცა ქუჩაში, სახალხოდ სილას გაწნიან. მაგრამ რა ვქნა, გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი მორალურად უსიამოვნო საქციელი უფრო მძიმე შეურაცხყოფა ვერ იქნება, ვიდრე ის, რასაც მისივე ხელმძღვანელობა და პროკურატურა უკეთებს ამ ადამიანს. ასეთი მარტივი, ხელის გულზე დადებული საქმე გვაქვს და თქვენ რომ მართლა მრავალუცნობიანი საქმე მოგანდონ, როგორ უნდა დაიტანჯოთ [მიმართავს ისევ პროკურორს].“

რატიანის ამ განცხადებებს სასამართლო სხდომაზე პროკურორის პროტესტი მოჰყვა. ბრალდების მხარემ მოსამართლეს მოუწოდა, რომ პოეტს თავი შეეკავებინა მსგავსი გამონათქვამებისგან, რაზეც ზვიად რატიანმა უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია მძიმე სასჯელების მოთხოვნა და ამის პარალელურად პატივისცემაზე საუბარი.

წყარო: ნეტგაზეთი