განვიმსჭვალოთ იმედით და მადლიერებით და გვახსოვდეს, რომ სამოთხიდან ექსორიობაში მყოფი ადამის მოდგმის მოლოდინს უქმად არ ჩაუვლია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

მეუფის განცხადებით, იესოს შობამ სამყაროს აუწყა ახალი დროის დადგომა.

ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ უფლისა, ღმრთის და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა და დიდებულ შობას.

ამ დიდებულ მოვლენას განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და თაყვანს ვცემთ, რამეთუ ბეთლემის გამოქვაბულში განკაცდება და იბადება კაცთა მოდგმის მხსნელი იესო ქრისტე!

ქრისტიანული სამყაროსთვის იესოს განკაცებას და მის სწავლებას უდიდესი საღვთისმეტყველო და გადამრჩენელი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის მცნებათა საფუძველთა საფუძველია სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი;

სახელი იესო ნიშნავს მაცხოვარს, გადამრჩენელს, ცხოვრების მომნიჭებელს. ქრისტეს შობა არის კაცთათვის უდიდესი ღვთიური საიდუმლოს გაცხადება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიტყვა ღვთისა, ლოგოსი, ხორცს ისხამს სულისაგან წმიდისა და ქალწულ მარიამისგან, და განკაცდება. შეუძლებელია ადამიანის მიერ სრული აღქმა ღვთაებრივი განგებულებისა და იმ უსაზღვრო სიყვარულისა, რაც ამ დიდებულ და წმიდა შობას განაპირობებს.

წმიდა ეკლესია ასე უგალობს ქრისტეს შობას: „შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა“.

ბეთლემს შობილი მაცხოვრის შესახებ სასწაულებრივად ეუწყა მოგვებს ბაბილონელთა ქვეყანაში; მათ მიმართ გამოჩენილი უცნაური ვარსკვლავი, ამ მოვლენის განსაკუთრებულ და უაღრესად მნიშვნელოვან მინიშნებას წარმოადგენს. ამ ვარსკვლავს დღესაც, ბაბილონელ მოგვებთან ერთად, მივყავართ ბეთლემის გამოქვაბულთან, რათა ყრმას, რომელიც არის ღმერთი სრული და კაცი სრული, თაყვანი ვცეთ, და მივართვათ ძღვენი სადიდებელი, ძღვენი სამადლობელი და ცრემლი სინანულისა ჩვენთა ცოდვათა გამო.

იესოს შობამ სამყაროს აუწყა ახალი დროის დადგომა; იესოს შობით ცივილიზაციური მიჯნა დაიდო ძველსა და ახალ სამყაროს შორის; იესოს შობამ გამიჯნა ძველი კაცი და ახალი კაცი. ამიტომაც შეგვახსენებს წმიდა მოციქული პავლე:

აწ უკვე „განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა“.

მსოფლიო ეკლესიის უდიდესად პატივდებული მღვდელმთავარი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის საშობაო სიტყვაში „ძუელად კაცად ცოდვასა იტყჳს, ხოლო ახლად – სათნოებასა და სიწმიდესა“.

აღვნიშნავთ რა ქრისტე მაცხოვრის დიდებულ შობას, ვიაზრებთ, რომ ბეთლემის გამოქვაბულიდან მომდინარე მადლი მორწმუნე ადამიანის გულს მიჰფენს ჩაუქრობელ ნათელს და აღავსებს მას სიყვარულით ღმრთისა და მოყვასის მიმართ; აძლიერებს და იმედის სხივს ბადებს მათში, ვინც ჩვენს დროში სასტიკი და დაუნდობელი ომის ქარცეცხლშია გახვეული; მათში, ვინც საპყრობილეების ბინადარნი არიან, ვინც განსაცდელშია რთული სოციალური პირობების, ჯანმრთელობის მოშლის, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ან სხვა მიზეზთა გამო.

ჩემო ძვირფასო და საყვარელო ძმებო და დებო, საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, სად და როდის არის ადამიანი თავისუფალი, როდის უფრო ახლოა ღმერთთან და საკუთარ თავთან, სატუსაღოში თუ მის გარეთ, ავადმყოფობისას თუ ჯანმრთელ მდგომარეობაში, განუსაზღვრელ ძალაუფლებაში, უდარდელობას და განცხრომაში, თუ ღვთისა და მოყვასის წინაშე პასუხისმგებლობით დატვირთულ მდგომარეობაში?!

მოდით, დაბეჯითებით, ვიფიქროთ ამის შესახებ, და ვიფიქროთ განსაკუთრებით დღეს; ...და კვლავაც გავიხსენოთ პავლე მოციქულის ზემოთ მოხმობილი სიტყვები.

ბოლოს და ბოლოს, უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ ჩვენში გაკერპებული „ძველი კაცი“, მისი ქცევისა და აზროვნების წესი, რათა განვადგოთ ჩვენივე მაცდური ყოფა და გულისთქმა. ეს გახდება იმის წინაპირობა, რომ განახლებული გულითა და გონებით ვირწმუნებთ „ახალ კაცს“ ჩვენში, რომელიც სამართლიანობით და ჭეშმარიტების სიყვარულით გამოირჩევა.

სწორედ ამის გამო მოევლინა იესო წუთისოფელს, რათა ახალი კაცის დაბადებისთვის დაედო სათავე და ეუწყებინა ახალი წესრიგის ქმნა, რომელიც პირველ რიგში, სიცრუისა და ტყუილის დატევებას, და მათგან განშორებას გულისხმობს.

შესაძლოა, ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს, როცა უახლესი წარსულიდან გამოყოლილი მავნე პიროვნული თუ საზოგადოებრივი ჩვევები, ჯერ კიდევ ჩვენს მოუშუშებელ წყლულებად რჩება; შესაძლოა, მათგან განკურნებას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება, თუმცა, ამ პროცესს ყოველი სიახლისთვის დამახასიათებელი შიშის გადალახვა ესაჭიროება. ეს კი ოდენ ცნობიერებისა და აზროვნების გარდაქმნის შედეგად არის შესაძლებელი!

...და თუკი ამას შევძლებთ, თუკი ვიქნებით სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ბოლომდე მოყვარულნი და მქმნელნი, მაშინ თავადვე აღმოვაჩენთ ჩვენში ღმრთის მიერ ქმნილ ახალ ადამიანს! და ჩვენი გარემომცველი ყოფაც და ჩვენი საზოგადოებაც იქნება უკეთესი, ანუ ისეთი, როგორსაც ესწრაფოდნენ ჩვენი დიდი სულიერი წინაპრები!

ძმებო და დებო, განვიმსჭვალოთ იმედით და მადლიერებით, და გვახსოვდეს, რომ სამოთხიდან ექსორიობაში მყოფი ადამის მოდგმის მოლოდინს უქმად არ ჩაუვლია; ღმერთმა თავისი აღთქმა აღასრულა და თავისი ძე მოავლინა ქვეყნად, კაცთა საცხოვნებელად, რომელთა შორის არის თითოეული თქვენგანი.

მათ, ვინც ეძიებს ცხოვრებას საუკუნოს, აღთქმული ქვეყნისკენ სავალ გზაზე დღესაც სასწაულებრივად მიუძღვის რწმენის მანათობელი ვარსკვლავი.

ძვირფასო სამწყსოვ, ყველას გილოცავთ ქრისტესშობას!

„ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“ (კონდაკი).

გჯეროდეთ, გწამდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.