"ორი წელი თაროზე შემოდებული საქმე ეხლა გააცოცხლეს, ეს რა საგიჟეთია?", - ასე ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი შვილისთვის გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც, მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს.

"ყველამ გაითავისეთ, ლაზარეს რომ ეძალადა ჩემზე და მე მწყენოდა მისგან ეს საქციელი, ესე თავგანწირვით არ ვიბრძოლებდი მისთვის. აქ სასამართლო სისტემა და რეჟიმი ყველაფერს ისე აკეთებს, რაც მას სურს. 2 წელი რომ შემოდებ საქმეს თაროზე და მერე გამოიყენებ საკუთარი ბინძური საქმეებისთვის, აი მაგაშია დიდი პრობლემა. მე ვპირდები რუსულ რეჟიმს და მაგისთვის თავიც გადავდე, დაგშლით მარტივ მამრავლებად ბოროტო სულებო", - წერს ბექა გრიგორიადისი Facebook-ზე.

25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.