ბატონ დავით სერგეენკოს და გენერალ ჩაჩიბაიას ჩემი დიდი პატივისცემა! მმართველ გუნდშიც ყოფილან წესიერი ადამიანები და იმედია სხვა დონეზეც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, არიან ისეთები, რომლებიც საქართველოს რუსეთისკენ სვლაზე ხმას ამოიღებენ! შეიძლება გააპროტესტეს კიდეც რუსული კანონის მიღების მცდელობა უბრალოდ ჩვენ არ ვიცით. თუ ასე მოხდა მე მათ დიდ მადლობას ვუხდი! -  ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველომ წელს უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის, მთავარი ამოცანა. საქართველოს მოქალაქეებმა ყველამ ერთად უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყანას ევროპა! ჩვენ ვართ ევროპა! ამ პროცესში დიდი როლი აქვთ საჯარო მოხელეებს და სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფ პირებს! თქვენ უნდა დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს! არ მისცეთ უფლება მმართველ პარტიას, თავისი გადაწყვეტილებებით, ანტიდასავლურ რიტორიკით და საზოგადოების წევრების აგენტებად შერაცხვით, საქართველოს დააკარგვინონ ევროპული მომავალი.

ჩვენს ევროპელ მეგობრებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, დღეს ჩვენს ხელშია ამ ქვეყნის მომავალი. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ამის გარდა. ყველაფერს დავივიწყებ მე პირადად, ყველა თავდასხმას, ყველა წყენას. კიდევ გვაქვს დრო, რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, გავერთიანდეთ ისინი, ვისაც გვინდა უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყანა და ეს შეგვიძლია! დრო რომ გავა ყველა ინანებს თუ ამ ბრძოლაში თავისი წვლილი არ შეიტანა! ჩვენ ეს უნდა გავუკეთოთ ჩვენ ქვეყანას და საკუთარ თავებს!", - წერს გიგაური.