მე მგონი, დროა, ყველა დავფიქრდეთ, ვინ რას ვაკეთებთ, რატომ და რა მიზნით, თორე უკვე ძალიან საშინელი საყურებელი გავხდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია წერს.

"რამდენიმე დღის წინ 5 ადამიანი მოკლეს. ყველანი შეძრწუნებულები ვართ. დანაშაულის ჩამდენი პირი ზოგმა ჩავქოლეთ, ზოგმა ისე, რომ არაფერი ვიცით, ფსიქიკურად ავადმყოფად გამოვაცხადეთ, ოჯახმა მასზე უარი თქვა.

დღეს მედიამ წარმოგვიდგინა ციხიდან გამოსული ქალი, რომელმაც მოკლა სამი ადამიანი (სასამართლოს განაჩენითაა დადასტურებული, რომ ნამდვილად მოკლა და ამ დროს იყო შერაცხადი).

არ ვიცი ვის მოუვიდა თავში აზრად ამ ადამიანის ამ ფორმითა და კონტექსტით საზოგადოებისთვის წარმოდგენა, მისი რომანტიზება და ხალხისთვის ამ თემის "საღლიცინოდ” შეთავაზება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცებს ვეჩვევით (ან გვაჩვევენ). ჩვენც ვდგავართ და ვიცინით (ნუ, ძირითადი ნაწილი ვიცინით).

არ ვიცი რად ვიქეცით, რა ღირებულებების ადამიანებად ვყალიბდებით. საით მივდივართ, რა მიზნები გვაქვს, რა გვინდა რომ ხვალ იყოს. ლოგიკას ვეღარ ვპოულობ, სამწუხაროდ, ვერც ერთ სფეროში საითაც ვიყურები. დავიცალეთ პროფესიონალიზმისგან, ეთიკისგან, ღირებულებებისგან. მე მგონი, დროა, ყველა დავფიქრდეთ, ვინ რას ვაკეთებთ, რატომ და რა მიზნით, თორე უკვე ძალიან საშინელი საყურებელი გავხდით", - წერს თოლორაია.