ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ავთო იმნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მე, ავთანდილ იმნაძე, 84 წლის, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ზურაბ ჭავჭავაძის და სხვა აწ გარდაცვლილ ეროვნულ მოღვაწეთა თანამოაზრე და თანამებრძოლი, დისიდენტი, საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი (1978-1983 წლები), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის (უზენაესი საბჭო) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, ვაცხადებ:

დღეს ჩემი სამშობლო უკიდურეს განსაცდელშია. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა ბანდამ რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინა: პირველი, არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით მიიტაცა ძალაუფლება და გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან ურთიერთობას, რითაც ჩაიდინა მეორე დანაშაული, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია (78-ე მუხლი) და მეორედ დააყენა თავი არალეგიტიმურ (არაკანონიერ) მდგომარეობაში. ქართველი ხალხი და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ამ ფაქტმა აღაშფოთა და ქუჩაში გამოიყვანა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად. კრიმინალურმა ბანდამ საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილი ომი გამოუცხადა. პირველივე საღამოს (28-დან 29 ნოემბერი) დაუნდობელი სისასტიკით დაარბია მიტინგი და დააპატიმრა 70-მდე ადამიანი. აქედან 90-95% დაკავების შემდეგ ისე გალახა, რომ თბილისის კლინიკები ვერ იტევდა დასისხლიანებულ მომიტინგეებს და ისინი ახლომახლო რეგიონების კლინიკებში გადაჰყავდათ სასწრაფოებს. ასე გაგრძელდა მეორე, მესამე და შემდეგ დღეებში. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ჟურნალისტებს, ექიმებსა და მსახიობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქართული ოცნების პირველი პირების (ბ. ივანიშვილი, ი.კობახიძე, მ. მდინარაძე და სხვები) ბრძანებით კიდევ ბევრი დანაშაული ჩაიდინა, რისი კონკრეტულად აქ მოყვანა შეუძლებელია, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებით ისედაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თავი დააყენა ყოველგვარი კანონის მიღმა. თანაც მდგომარეობა ისეთია, როცა ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, ხელისუფლება კანონიერი გზით შეცვალოს; თუმცა აჯანყება, რევოლუცია, რისი უფლებაც, ხელისუფლების მიტაცების შემთხვევაში, ხალხს აქვს, პირადად მე, ისევე, როგორც ბევრ სხვას კატეგორიულად არ გვინდა, რადგან თითოეული ადამიანის დაღვრილი სისხლი ჩემთვის და ჩემი სამშობლოსთვისაც უკიდურესად ტრაგიკულია.

ამიტომ მე, ავთანდილ იმნაძე, მოვუწოდებ საქართველოს თვითმარქვია „ხელისუფლებას“, „ხელისუფლებას“ რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ტერორისტულმა ბანდამ, ხუნტამ, თავი გამოაცხადოს არაკანონიერად და დათმოს ძალაუფლება.

ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩემი გაგებით საკმაოდ კომპეტენტურები არიან, ასევე, ჩემი აზრით, მაღალინტელექტუალურ და განათლებულ არასამთავრობო სექტორს, მინდა ერთი შენიშვნა მივცე - რატომ აცხადებენ, რომ დღეს მიმდინარე აქციებს აქვს ერთადერთი მოთხოვნა - ჩატარდეს ახალი არჩევნები? არა, მეგობრებო, ერთადერთი და კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, რომ დღევანდელი არალეგიტიმური და ბოროტმოქმედებაში მხილებული ხელისუფლება, ხუნტა, უნდა წავიდეს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულიც გათავისუფლდება და არჩევნებიც, ბუნებრივია, ჩატარდება, ჩატარდება ე.წ. „ქართული ოცნების“ გარეშე.

ვიღაც მეტყვის, რატომ არღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას?! სასამართლოს ხომ არ დაუდგენია მათი დანაშაული?! ვუპასუხებ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც დაფუძნების დღიდან საქმიანი და მაღალი დონის ორგანიზაციაა, სარჩელი შეიტანა ჰააგის სასამართლოში, სადაც, იოტისოდენად არ მეპარება ეჭვი, რომ ამ ბანდიტებს სათანადო ვერდიქტს გამოუტანენ.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ... არა, კი არ მოვუწოდებ, ვუბრძანებ! (ბოლოს და ბოლოს მე მაქვს ამის უფლება) ვუბრძანებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ზურაბ ჭავჭავაძის, ლუიზა შაკიაშვილის, ზურაბ ცინცაძის და სხვათა სახელით (მაპატიონ მათმა სულებმა, ვინც ვერ გავიხსენე), ვუბრძანებ რუსეთთან ომში დაღუპული ყველა გმირის სახელით, ჩვიდმეტი წლის შინდისელი გმირის სახელით, ე.წ. თბილისის სამოქალაქო ომში (სინამდვილეში, რუსეთთან ომში) დაღუპულთა სახელით, აფხაზეთში, რუსეთთან ომში დაღუპულ გმირთა სახელით, ჟიული შარტავას, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, იმ „უსახელო უფლისციხელების“ სახელით, რომლებიც დაეცნენ რუსეთთან უთანასწორო ომში და რომელთა სახელები არავის ახსოვს მათი ახლობლების გარდა, ვუბრძანებ! ვუბრძანებ! ბიძინა (ბორის) ივანიშვილს (ივანოვს), დათმოს ძალაუფლება და წავიდეს მშობლიურ რუსეთში! შევახსენებ მისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის მაგალითს. ამ ადამიანმა ბევრი ზიანი მოუტანა საქართველოს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში არ დაღვარა სისხლი და მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება. ამიტომ ქართველმა ერთმა, ზოგმა ცნობიერად, ზოგმა ქვეცნობიერად მოუტევა ის ნეგატიური, რაც მას ჰქონდა ჩადენილი. ამიტომაც მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები ბედნიერად გაატარა კრწანისის რეზიდენციაში. რა რა და უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჭკვიანი ადამიანი იყო. აბა, შენ თუ გეყოფა ჭკუა, "ბორინკა"?" - წერს ავთო იმნაძე.